14 ნოემბრის ღამეს, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, უკრაინისკენ მიმავალ სამოქალაქო გემს დრონი დაეჯახა. ამის შესახებ რუმინული ტელეარხი Digi24 იუწყება.
შემთხვევა რუმინეთის სანაპიროდან დაახლოებით 12 კილომეტრში მოხდა. დრონი პალაუს დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემს, Larissa 1-ს დაეჯახა. გემი უკრაინის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
დარტყმის შედეგად გემზე ხანძარი არ გაჩენილა და არავინ დაშავებულა. აფეთქებამ გემბანზე განთავსებული სატვირთო ამწე დააზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, შტეფან-რადუ ოპრეას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები თავდასხმის ყველა გარემოებას იკვლევენ.