რუსეთის პრეზოდენტ ვლადიმირ პუტინს სურს მომავალ თვეში შეხვედრა გამართოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, პუტინის მიზანია, უკრაინაში რუსეთის ომი მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით დასრულდეს.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინის გეგმა ტრამპთან ურთიერთობების დათბობით სარგებლობის მცდელობაა, რაც უკრაინასა და მის მოკავშირეებში, მათ შორის ვაშინგტონსა და ევროპაში, შეშფოთებას იწვევს.
„ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უპრეცედენტო იქნებოდა და ევროპის დედაქალაქებსა და მის ფარგლებს გარეთ შეშფოთებას გამოიწვევდა“, - წერს The Wall Street Journal.
გამოცემის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც საკითხის შესახებ ინფორმირებულია, განაცხადა, რომ პუტინმა ეს იდეა ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს წამოაყენა.
ამავე საუბრის შედეგად მხარეები ასევე შეთანხმდნენ აშშ-ის მიერ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვასა და მის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვის ხელშეწყობაზე.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა The Wall Street Journal-თან საუბრისას დაადასტურა, რომ შესაძლო შეხვედრის საკითხზე მსჯელობა გრძელდება.
„ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა თავად შეხვედრის ან მისი შესაძლო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე აღიარებს ასეთი შეხვედრის გამართვის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“, - განაცხადა პესკოვმა.
აშშ-ის მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრამპს ამ დრომდე არ მიუცია თანხმობა ასეთი სამიტის გამართვაზე. ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ეს იდეა მიიღოს, რადგან სურს, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება ომის დასრულების შესახებ.
გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლმა სამმხრივი დიალოგის გამართვა ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც 18-19 ნოემბერს იმართება.
„ჩინეთის ტერიტორიაზე შესაძლო სამმხრივი დიალოგი სი ძინპინისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩინეთის, როგორც გავლენიანი დიპლომატიური შუამავლის, როლის გასაძლიერებლად“, - აცხადებენ ჩინეთის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები.
WSJ-ის ცნობით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა პეკინს დიპლომატიური არხებით წარუდგინეს. სხვა წყაროების ინფორმაციით, ჩინურმა მხარემ მიანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ შეხვედრაში ტრამპიც მიიღებს მონაწილეობას.
გამოცემის ცნობით, თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია.