უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა გამოეხმაურა 20 აგვისტოს ღამით რუსული დრონების მიერ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს და განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო ხშირად ცდის ნატო-სა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს.
სიბიჰას თქმით, უკრაინაზე ღამით განხორციელებული იერიშის დროს რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე, ასევე დარტყმა მიაყენა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო პუნქტს.
"უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე, ამასთან, სამიზნე გახდა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
ეს ცალკეული შემთხვევები არ არის. ის რუსეთის მიზანმიმართული და სისტემური ტერორისტული თავდასხმების ნაწილია. აგრესორი სახელმწიფო სულ უფრო ხშირად ცდის ნატო-სა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს, არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და განზრახ აფართოებს მის მიერ წარმოებული ომისგან მომდინარე რისკებს უკრაინის ფარგლებს გარეთ.
მოლდოვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მიხაი პოპშოისთან და ოანა ცოიუსთან, ერთად ჩვენ მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ და ვიმუშავებთ უფრო ძლიერ და ეფექტიან რეგიონულ რეაქციაზე რუსეთის ცინიკურ მცდელობებზე, გააფართოოს მის მიერ დაწყებული ომი.
ეს საკითხები „ოდესის სამკუთხედის“ მომავალ სამიტზე განიხილება, რათა გაძლიერდეს რეგიონული უსაფრთხოება, დაცული იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის უკანონო და აგრესიული ქმედებებისთვის შესაბამისი შედეგების დადგომა.
ჩვენი ერთობლივი რეაქცია უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე. მთელი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა,“, - წერს სიბიჰა.