უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები არ ექნება, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ იფიქრებს“.
მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული თავდასხმის შემდეგ, დარტყმის ადგილებში საგანგებო სამსახურები დილიდან მუშაობენ. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდ, რათა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების კომბინირებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.
დარტყმების შედეგად ნგრევა დაფიქსირდა კიევსა და კიევის ოლქში, ასევე ოდესისა და ჩერნიჰივის ოლქებში.
ზელენსკის ინფორმაციით, კიევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მათ შორის მრავალსართულიანი კორპუსი, რომლის ზედა სართულები განადგურდა. ასევე დაზიანდა ბავშვთა საავადმყოფო და სკოლა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის თავდასხმას კიევში 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქში, დაახლოებით 40 ადამიანი კი დაშავდა.
ოდესის ოლქში რუსეთმა დრონებით მოლდოვასთან საზღვარზე მდებარე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს შეუტია, ჩერნიჰივის ოლქში კი სამიზნე გაზის ინფრასტრუქტურა გახდა.
„სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მოსკოვი ფულს ბალისტიკურ იარაღსა და ესკალაციაში დებს, ასეთ დარტყმებზე მსოფლიოს მხრიდან აუცილებელი რეაგირება ყოველთვის არ ჩანს. და ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები არ ექნება, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ იფიქრებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს და ყოველდღიურად მუშაობს FREYJA-ს პროგრამაზე. თუმცა, მისი თქმით, Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების ჩამნაცვლებელი საშუალება ჯერ არ არსებობს და მათი მიღება უკრაინას ყოველდღიურად სჭირდება.
„ყოველი დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იხსნის“, - წერს ზელენსკი.