კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
დაღუპულთა უმეტესობა სოლომენსკის რაიონშია, სადაც რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობის ზედა სართულები განადგურდა. კორპუსის მიმდებარედ ოთხ საცხოვრებელ შენობას ფანჯრები ჩაემსხვრა.
კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ასევე დაზიანდა სკოლა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობა. სამედიცინო დაწესებულებაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, მის ტერიტორიაზე კი ავტომობილები დაიწვა.
დარნიცის რაიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი და სასაწყობე შენობები, სვიატოშინის რაიონში კი არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე ნგრევა დაფიქსირდა. ამავე რაიონში სასაწყობე შენობებს ხანძარი გაუჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კიევში იერიშის სამიზნე გახდა Fire Point-ის საწარმო, რომელიც დამრტყმელი დრონებისა და „ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებს. რუსი სამხედროების განცხადებით, დარტყმა ასევე განხორციელდა კომპანია „ანტონოვზე“, სადაც, მათი მტკიცებით, შორი მოქმედების დრონებს „ლიუტი“ აწარმოებენ.