ღამით, უკრაინის საზღვართან ახლოს, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც ტულჩის ოლქში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩავარდა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს ცნობით, 03:21 საათზე დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, ქალაქ გალაციდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში .
03:24 საათზე რუმინეთის სამხედრო ვერტმფრენის IAR-330 SOCAT-ის ეკიპაჟმა დააფიქსირა, რომ დრონი დასახლება გრინდუს ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩავარდა.
დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით თავისით ჩაქრა. ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგილზე სამხედროების ჯგუფი გაიგზავნა.
სიტუაციის მონიტორინგისთვის ესპანეთის საჰაერო და კოსმოსურმა ძალებმა ცაში ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი ასწიეს. საჰაერო დაზვერვის მიზნით კი რუმინეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენი აფრინდა.