ირანის მხრიდან ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მუქარის ფონზე, საბერძნეთმა შესაძლოა კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის დასაცავად Patriot-ის სისტემის ერთი ბატარეა განათავსოს. ამის შესახებ გამოცემა Kathimerini წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საუბარია სუდის ყურეში მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, რომლის გაძლიერებული დაცვაც ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო გახდა საჭირო.
Patriot-ის სისტემა, რომლის გადატანაც განიხილება, მარტში კარპათოსის კუნძულზე განთავსდა.
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს და ევროპაში, მათ შორის ამერიკელი სამხედროების მიერ გამოყენებულ ობიექტებზე ირანის შესაძლო თავდასხმის საფრთხეს აფასებს.
წყაროების ცნობით, თუ ბერძენი სამხედროები სუდის ყურეში მდებარე ბაზისთვის საფრთხეს მნიშვნელოვნად შეაფასებენ, Patriot-ის სისტემა, შესაძლოა, იქ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გადაიტანონ.
ამ ეტაპზე საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ ქვეყანა გაზრდილი საფრთხის ქვეშ არ იმყოფება. წყაროების განცხადებით, საბერძნეთს ირანთან კომუნიკაციის საკუთარი არხებიც ისევ აქვს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე.
მედია წერს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც შესაძლოა კიდევ ერთი Patriot-ის ბატარეა განთავსდეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ბულგარეთის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ამისთვის ბულგარეთმა შესაბამისი თხოვნით საბერძნეთს ხელახლა უნდა მიმართოს.
შეგახსენებთ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი განიხილავს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტის ესკალაციას გადაწყვეტს.