უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ არ უნდა დაუშვან, რუსეთმა განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელისუფლების ხელახლა არჩევას.
„ჩვენ ფუნდამენტურ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება?
და შემდეგ - თუ ომი კიდევ ერთი წელს გაგრძელდება? ორს? სამს?
შეიძლება თუ არა, რუსეთმა ფაქტობრივად მიიღოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელისუფლების ხელახლა არჩევას?
დარწმუნებული ვარ, რომ არა. არ შეიძლება დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს“"- განაცხადა ფედოროვმა.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოძებნოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც ხანგრძლივი ომის პირობებშიც კი სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. ამისთვის, მისი თქმით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისა და ფრონტისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლება.
„ეს რთულია. საჭიროა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისა და ფრონტისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. აუცილებელია საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების, ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და არჩევნების შედეგებისადმი ნდობის უზრუნველყოფა.
მაგრამ სირთულე შეუძლებლობას არ ნიშნავს. უკრაინას არაერთხელ გაუკეთებია ის, რასაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევდა.
განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი მისი პროფესიონალიზმი, შედეგები ან ქვეყნის შეცვლის უნარი კი არა, სისტემისადმი პირადი ერთგულებაა.
ასე თანამედროვე სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს. მით უმეტეს, ქვეყანა, რომელიც თავისი არსებობისთვის იბრძვის.
ჩვენ კორუფციაზეც უნდა ვისაუბროთ. არა იმიტომ, რომ ეს მოდური სიტყვაა.
არამედ იმიტომ, რომ ომის დროს კორუფცია სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნა ფედეროვმა.