რუსეთის ოპოზიციური ჯგუფის „სახალხო დეპუტატთა კონგრესის“ წევრი სერგეი ვლასენკო ვარშავის მოკოტუვის რაიონში მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ვარშავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლის, პიოტრ ანტონი სკიბას თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ 71 წლის მამაკაცის სიკვდილი სხვა პირების ქმედებებმა გამოიწვია.
„ხვალ იგეგმება სპეციალიზებული კვლევების ჩატარება, მათ შორის არა მხოლოდ გაკვეთის, არამედ ტოქსიკოლოგიური ანალიზებისაც. ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მამაკაცის გარდაცვალება სხვა პირების მოქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვია“, - განაცხადა სკიბამ.
მედიის ცნობით, სერგეი ვლასენკო 1980-იან წლებში შორეულ აღმოსავლეთში ადგილობრივი საბჭოს წევრი იყო. მოგვიანებით, ის სამხრეთ რუსეთში, ანაპაში ცხოვრობდა. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის რუსეთიდან პოლონეთში გაემგზავრა, თავდაპირველად ტურისტული ვიზით, შემდეგ კი იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.