გასულ შაბათ-კვირას ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 68-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის დაკარგულად არავინ ითვლება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შაბათს კუნძულ ფლორესის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მას შემდეგ თითქმის 1 600 შედარებით სუსტი განმეორებითი მიწისძვრა (აფტერშოკი) დაფიქსირდა, მათ შორის ორშაბათს დილით 5,6 მაგნიტუდის ბიძგი.
ზოგიერთი რაიონისთვის გამოცხადებული ცუნამის გაფრთხილება მოგვიანებით გაუქმდა. მანამდე მოსახლეობას მოუწოდებდნენ, პლაჟებისა და მდინარეების ნაპირებისგან თავი შორს დაეჭირათ.
ამასთან, დაახლოებით 500 სახლი დაზიანდა, ხოლო მეწყრების გამო გზები ჩაიკეტა. შედეგად, კუნძულ ფლორესზე დაახლოებით 12 800 ადამიანი საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს.