აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ეგვიპტის ქალაქ ელ-ალამეინში „ჰამასის“ ლიდერ ხალილ ალ-ჰაიასთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ CNN იუწყება.
მედიის ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონის მცდელობას უკავშირდება, აღადგინოს დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივა ღაზის სექტორში, რომელიც მანამდე ისრაელმა უარყო.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ დირექტორის, ნიკოლაი მლადენოვის მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო ცეცხლის შეწყვეტის ზომების შეთანხმება, „ჰამასის“ მებრძოლების განიარაღება და ღაზის სექტორის ომისშემდგომი მოწყობის კონცეფცია.
მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც ისრაელმა ამერიკული გეგმის ძირითადი ელემენტები უარყო.
შეხვედრის შედეგების შესახებ ჯერჯერობით დეტალები არ გავრცელებულა.
ვიზიტის ფარგლებში კუშნერმა მოლაპარაკებები ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ას-სისისთანაც გამართა. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ამავდროულად, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ინდონეზიის, პაკისტანის, თურქეთის, საუდის არაბეთის, კატარისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ დაგეგმილ „საგზაო რუკაზე“ ისრაელის უარი დაგმეს და განაცხადეს, რომ ეს კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის.