იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის მხატვრის, ანტონელო და მესინას, ოთხი ნახატი მოიპარეს. იტალიის კულტურის სამინისტრომ შაბათს, 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ნამუშევრები წინა საღამოს გვიან, მხატვრის მშობლიურ ქალაქ მესინაში მდებარე რეგიონული მუზეუმიდან გაიტაცეს. მისი თქმით, ისინი განსაკუთრებული ღირებულების ექსპონატებია.
მესინის მერმა ფედერიკო ბაზილემ ქურდობა „უკიდურესად სამარცხვინო“ ფაქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ის ქალაქში ღვთისმშობლის პატივსაცემად გამართული ტრადიციული დღესასწაულების დროს მოხდა.
„შოკირებული ვართ. ეს დიდი დანაკარგია მუზეუმისთვის, ქალაქისთვის, საზოგადოებისა და ხელოვნების სამყაროსთვის“, - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა მარიზა მერკურიომ. მისი თქმით, მოპარულ ნამუშევრებს შორის მესინისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ნამუშევარიცაა.
AFP-ის ინფორმაციით, სულ რამდენიმე თვის წინ იტალიის მთავრობამ ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ანტონელო და მესინას Ecce Homo თითქმის 15 მილიონ დოლარად შეიძინა.
იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ინფორმაციით, რომელიც პოლიციის წყაროებს ეყრდნობა, უცნობი პირები 15 აგვისტოს გვიან საღამოს მესინის მუზეუმში შეიჭრნენ.
მათ ცნობილი, XV საუკუნის „წმინდა გრიგოლის პოლიპტიქის“ ხუთი ხის პანელი წაიღეს, თუმცა გზაში ორი მათგანი დაკარგეს. გარდა ამისა, ქურდებმა ჯავშნიანი ვიტრინიდან შეძლეს ორმხრივი ნახატის ამოღება, რომელზეც ღვთისმშობელი და ეკლის გვირგვინით გამოსახული ქრისტეა.
გამოცემის ცნობით, როგორც ჩანს, დამნაშავეებმა მუზეუმის სივრცე და უსაფრთხოების სისტემა კარგად იცოდნენ. მათ შეძლეს განგაშის სისტემისა და დაცვის სხვა საშუალებების გვერდის ავლა და შენობა დაცვისა და პოლიციის მისვლამდე დატოვეს.
ანტონელო და მესინა 1425-1435 წლებში დაიბადა და 1479 წელს გარდაიცვალა. იგი XV საუკუნის ყველაზე დიდ სიცილიელ მხატვრად ითვლება. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა „მსოფლიოს მხსნელი“, „წმინდა სებასტიანი“ და „წმინდა იერონიმე თავის კელიაში“.