რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო ტულჩის ოლქში, სოფელ პლაურუში, კიდევ ერთი დრონის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ განაცხადა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფი დრონის ფრაგმენტების აღმოჩენის ადგილზე მივიდა, ობიექტის იდენტიფიცირება მოახდინა და ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყო.
სოფელი პლაურუ უკრაინის საზღვრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.
უწყებაში განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
ეს რუმინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დრონთან დაკავშირებული უკვე მეოთხე მსგავსი შემთხვევაა. მანამდე თავდაცვის სამინისტრომ ტულჩის ოლქის ლუნკავიცის რაიონში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა.
14 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის კურორტ სატურნის სანაპიროზე სამხედრო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რის გამოც ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.
ეს ახალი ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კოსტინეშტის სანაპიროზე, სატურნიდან დაახლოებით 17 კილომეტრში, კვლავ აღმოაჩინეს დრონის ნამსხვრევი - სავარაუდოდ, იმავე აპარატის ნაწილი, რომლის ფრაგმენტიც იქ წინა დღეს იპოვეს.
იმავე დღეს ბულგარეთში, შავი ზღვის სანაპიროს სამ სხვადასხვა ადგილზე, საეჭვო ობიექტები აღმოაჩინეს - თვითმფრინავის ტიპის დრონი, სავარაუდოდ, სადაზვერვო, და, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები.