უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის კურსკის ოლქში, ხუთ დასახლებულ პუნქტში, რუსი ოკუპანტების დრონების მართვის პუნქტები და ორი სახმელეთო რეტრანსლატორი გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 13 აგვისტოს და 14 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.
„ხერსონის ოლქში, ჟელეზნი პორტის რაიონში, დაზიანდა ორი სახმელეთო რეტრანსლატორი, რომლებიც „გერანის“/„გერბერას“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების სამართავად გამოიყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის განმარტებით, სახმელეთო რეტრანსლატორი უზრუნველყოფს მართვისა და კავშირის სიგნალების გადაცემას ოპერატორსა და დრონს შორის, რაც მათი გამოყენების რადიუსსა და სტაბილურობას ზრდის.
გარდა ამისა, რუსეთის დრონების მართვის ხუთი პუნქტი განადგურდა შემდეგ რაიონებში: დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარში; ხერსონის ოლქის ჟელეზნი პორტში; რუსეთის კურსკის ოლქის ვოლფინსკში; რუსეთის კურსკის ოლქის გორდიევკაში; ზაპოროჟიეს ოლქის ლუგოვოეში.
გავრცელდა ინფორმაცია ციმბირში ჩრდილოკორეული რაკეტებით დატვირთული სამხედრო ეშელონის განადგურების შესახებ.
უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, კირილო საპონოვის ინფორმაციაზე დაყრდნობიოთ წერს, რომ უკრაინის საზღვრიდან 6 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე, ტრანსციმბირის მაგისტრალზე, ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების (KN-23/KN-24) გადაზიდვისას რკინიგზის ლიანდაგები და შემადგენლობა ააფეთქეს.