აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში ნატო-ს სამიტის დროს აეროპორტიდან ფარულად გაიყვანეს თვითმფრინავის საკვებით მომმარაგებელი მანქანის გამოყენებით, შემდეგ კი პატარა სამხედრო თვითმფრინავში გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები ამ გზით ცდილობდნენ მისი ადგილსამყოფელის დამალვას, რადგან ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის საფრთხე არსებობდა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ ირანმა იცოდა, რომელ სასტუმროში იმყოფებოდა ტრამპი ანკარაში, ასევე ფლობდა დეტალურ ინფორმაციას მისი კორტეჟის გადაადგილების შესახებ.
თავდასხმის შესაძლო სცენარებს შორის განიხილებოდა პორტატული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენება პრეზიდენტის თვითმფრინავის წინააღმდეგ.
ისრაელმა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შესაძლო შეთქმულების შესახებ.
ტრამპის გამგზავრებამდე ამერიკულმა დაზვერვამ მკვლელობის ახალი გეგმის კონკრეტული ნიშნები ვერ გამოავლინა. ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნები აფიქსირებდნენ ირანელი პირების მუდმივ მოწოდებებს აშშ-ის პრეზიდენტის სიკვდილისკენ.
სამიტის დროს დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდა Air Force One-ისთვის შესაძლო საფრთხის შესახებ . საუბარი იყო რაკეტაზე, რომლის გაშვებაც აეროპორტის სიახლოვეს მიწიდან შეიძლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანკარაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად იყო გაძლიერებული, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა გადაწყვიტა, შესაძლო საფრთხე რაეგირების გარეშე არ დაეტოვებინა.
პრესკონფერენციის შემდეგ ტრამპი აეროპორტში გაემგზავრა. გადაწყდა მისი რეალური მარშრუტის დამალვა.
ახალი Boeing 747, რომელიც კატარმა აჩუქა აშშ-ს და სამომავლოდ Air Force One-ის სახით გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ გამოიყენეს. ამ მიზნით არც ჩვეულებრივი საპრეზიდენტო თვითმფრინავი გამოდგებოდა.
ამის ნაცვლად, ტრამპი თეთრი, თვითმფრინავის საკვებით მომმარაგებელი მანქანით გადაიყვანეს. CNN-ის ინფორმაციით, მანქანაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანაშემწე ნატალი ჰარპი, ოვალური კაბინეტის ოპერაციების დირექტორი უოლტ ნაუტა, თეთრი სახლის კადრების განყოფილების ხელმძღვანელი დენ სკავინო და საიდუმლო სამსახურის აგენტები.
ამავდროულად, დიდ საპრეზიდენტო თვითმფრინავში დარჩნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები.
ბორტზე მყოფმა ბევრმა თანამშრომელმა არც კი იცოდა, რომ ტრამპი თვითმფრინავში აღარ იმყოფებოდა. მათ ფანჯრების ჟალუზების ჩამოწევა უბრძანეს.
ამის შემდეგ პრეზიდენტის გადამყვანი C-32A ბრიტანეთში, მილდენჰოლის საავიაციო ბაზისკენ გაემართა. თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთიც იმყოფებოდა.
ამასთან, ორივე თვითმფრინავს გამანადგურებლები აცილებდნენ, რაც მიუთითებს, რომ აშშ-ის სამხედროები საპრეზიდენტო თვითმფრინავისთვის შესაძლო საფრთხეს უკიდურესად სერიოზულად განიხილავდნენ.
საიდუმლო სამსახურში ოპერაციის კონკრეტულ დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის დასაცავად ისინი მუდმივად აანალიზებენ სადაზვერვო ინფორმაციის ფართო სპექტრს.
ამასთან, ტრამპის წასვლის შემდეგ თურქეთში რაიმე მტკიცებულება არ უპოვიათ, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტული სარაკეტო თავდასხმა ნამდვილად მზადდებოდა.