ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ 2022 წლის ე.წ. „სტამბოლის შეთანხმებების“ საფუძველზე. მისი თქმით, ამ პოზიციიდან გადახვევის საფუძველს ვერ ხედავს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლო მოლაპარაკებების საფუძვლად მიიჩნევს „სტამბოლისა და ანკორიჯის პრინციპებს“, „ადგილზე არსებულ რეალობას“ და 2024 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებებს.
მისი მტკიცებით, სამშვიდობო პროცესი უკრაინის ინიციატივით შეწყდა.
ამასთან, პუტინის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმები მხოლოდ იმ მიზნით ხორციელდება, რომ კიევმა მომავალი მოლაპარაკებების წინ საკუთარი პოზიციები უფრო ძლიერად წარმოაჩინოს, თუმცა, მისი თქმით, ეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ ახდენს.
ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ხელისუფლება კვლავ „ნეონაცისტურ რეჟიმად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მსგავსი მოვლენა მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობბაზებსა და სამხედრო საწარმოებზე გახშირებული დარტყმების ფონზე, პუტინმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, თავიანთ პასუხისმგებლობის ზონებს „განსაკუთრებული ყურადღებით“ მოეკიდონ.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები სამხედროების საბრძოლო ამოცანების შესრულების მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზეწოლისა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, რუსეთი „განვითარების ყველა მიმართულებით თავდაჯერებულად გააგრძელებს წინსვლას“.