The Kyiv Independent-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან კერძო საუბარში მას რუსეთის წინააღმდეგ „უფრო თამამი მოქმედებებისკენ“ მოუწოდა.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში მიიჩნევენ, რომ შეძლეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვება იმ კამპანიის მიმართ, რომლის მიზანიც რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის იძულებაა.
ანონიმური უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც ტრამპისა და ზელენსკის ბოლო შეხვედრის დეტალებს იცნობს, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზეწოლის გარეშე ნაბიჯებს არ გადადგამს.
„დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სინამდვილეში არ სჯერა, თითქოს ვლადიმირ პუტინი რაიმე ნაბიჯს გადადგამს ზეწოლის გარეშე“, -განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება, პირდაპირ უჭერს თუ არა ტრამპი მხარს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს, ისინი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის პოზიცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პრინციპს ეფუძნება.
„პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მიიჩნევს, რომ მშვიდობა ძალის მეშვეობით მიიღწევა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
უკრაინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბოლო სამხედრო მოვლენებმა დონალდ ტრამპი დაარწმუნა იმაში, რომ კიევის პოზიცია ამჟამად უფრო ძლიერია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.
მათი თქმით, ეს ცვლილება აისახა სამიტის საბოლოო განცხადებებში. დონალდ ტრამპმა "დიდი შვიდეულის" [G7] სხვა ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, სადაც დადასტურდა „უკრაინის ურყევი მხარდაჭერა“ და აღნიშნულია, რომ მონაწილე ქვეყნები მზად არიან განიხილონ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების იარაღზე ლიცენზიების გადაცემის შესაძლებლობა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდემტმა, ემანუელ მაკრონმა G7-ის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის პოზიციაში ცვლილებები შეინიშნება.
ამავდროულად, კრემლში უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ევროპელი ლიდერები G7-ის სამიტზე დონალდ ტრამპზე „მავნე იდეების“ თავს მოხვევას ცდილობდნენ.