„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოძიების მასალები რვა ეპიზოდს მოიცავს, თუმცა ამ დრომდე არ არის მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და არ იკვეთება ეფექტიანი ნაბიჯები სავარაუდო მონაწილე სამართალდამცავების პასუხისმგებლობის დასადგენად.
„2024 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, საბა სხვიტარიძე გადაადგილდებოდა მამასთან ერთად თბილისიდან გურიის მიმართულებით. ზესტაფონთან ახლოს, მათი ავტომობილი გააჩერა საპატრულო პოლიციის მანქანამ, ავტომობილთან მივიდა საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს საბა სხვიტარიძე და ჩასვეს საპატრულო პოლიციის ავტომობილში. მიუხედავად მოთხოვნისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არ გააკეთეს არანაირი განმარტება დაკავების საფუძვლებთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდგომ იწყება ის რვა ეპიზოდი, რომელიც როგორც იზოლირებულად, ასევე ერთობლიობაში ქმნის ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის შემადგენლობას წამებასთან დაკავშირებით.ეს არის სწორედ ის კვალიფიკაცია, რომელსაც საია აძლევს დაზარალებული საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებულ ქმედებას.
ეპიზოდი პირველი - საბა სხვიტარიძე თბილისიდან გორამდე ექვემდებარებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. კერძოდ, მას შსს-ს თანამშრომლები ემუქრებოდნენ გაუპატიურებით.
ამასთანავე, ეპიზოდ ორში - ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა სასურველი ჩვენების მიღების ნიშნით გრძელდებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-5 სართულზე ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების მიერ, რომელთა ვინაობასაც საბა სხვიტარიძე საგამოძიებო მასალებში, ასევე ძალიან კონკრეტულად აწვდის საგამოძიებო უწყებას.
ეპიზოდ სამში - ფიზიკური ძალადობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მე-5 სართულზე გრძელდებოდა ამჯერად უკვე ტაქტიკურ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირების მიერ, რომლებმაც სასტიკად იძალადეს საბა სხვიტარიძეზე, ისინი სცემდნენ მას ხელებით და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების მიდამოებში, მუცლის, მკერდის და თავის არეში, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს და აქ, კიდევ უფრო მძიმეს ხდის მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. ამასთანავე, იძალადეს წაქცეულ დაზარალებულზე, მარცხენა ხელის ნეკა თითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა. ძალადობის შედეგად საბა სხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი“, - განაცხადა თამარ ონიანმა.
მისი განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა საბა სხვიტარიძის მიმართ სხვა მე - 4 და მე-5 ეპიზოდებშიც გრძელდება სასურველი ჩვენების მიღების მიზნით. ასევე, როგორც მან აღნიშნა, სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-8 სართულზეც ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ.
თამარ ონიანის თქმით, მე-6 ეპიზოდში კი საბა სხვიტარიძე შეჰყავთ გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის ოთახში, რომელმაც დაზარალებულის მდგომარეობის უგულებელყოფა მოახდინა. ონიანის თქმით, გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა დაკითხვის პროცესი წარმართა არა საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, არამედ სრულიად სხვა საქმეზე - „სწორედ იმ საქმეზე, რომელზეც სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სხვადასხვა პოლიციელები ზემოთ ჩამოთვლილ ეპიზოდებში ახორციელებდნენ საბა სხვიტარიძის მიმართ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას, პარალელურად, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“.
საიას თავმჯდომარის თქმით, საბა სხვიტარიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს ამავე პოლიციის შენობის მე-8 სართულზე ხუთი პირის მიერ გრძელდება ფიზიკური ძალადობა და ეს მას შემდეგ ხდება, როდესაც ოთახს გამომძიებელი დატოვებს.
„ტვინის შერყევის, ამ დაზიანებების გამო საბა სხვიტარიძე კვლავ მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდება და ეპიზოდ რვაში, ამ სასტიკი ცემის კიდევ ერთი ეპიზოდის შემდეგ, რაც გამომძიებელ ედიშერაშვილისთვის შეცნობადი იყო, მისი როგორც გამომძიებლის მოვალეობის უგულებელყოფით კვლავ გრძელდება საურველი ჩვენების მიღების მიზნით წამებაში თანამონაწილეობა.
საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ გამოძიება ვერ აკმაყოფილებს წამების საქმეებში დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. კერძოდ, არ არის უზრუნველყოფილი სათანადოდ, გონივრულ ვადებში მტკიცებულებების შეგროვება, ასევე არ იკვეთება ეფექტიანი ნაბიჯები დასახელებული სამართალდამცავების იდენტიფიკაციის, დაკითხვისა და საქმეში მათი სტატუსის განსაზღვრის მიმართულებით. გამომძიებლის მიერ დაზარალებულის აშკარა დაზიანებებისა და მისი მონათხრობის უგულებელყოფა ქმნის ფორმალური გამოძიების შთაბეჭდილებას, რაც ზრდის დაუსჯელობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების რიცხვს და ასუსტებს როგორც დაზარალებულის, ისე საზოგადოების ნდობას სისტემის მიმართ. ს. სხვიტარიძის საქმე კიდევ ერთი მაგალითია საქართველოში საპოლიციო წამების ფაქტების მიმართ ინსტიტუციური და ნორმატიული პრევენციის მექანიზმების მოშლის, ხოლო, სისტემის შიგნით, როგორც მაღალი, ისე დაბალი რანგის სამართალდამცავების მიერ სამართლის საბაზისო აკრძალვების, როგორც განზრახი აქტიური მოქმედებით, ისე უმოქმედობით, დარღვევის.“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.