ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მას კონკრეტულად ჯორბენაძეზე არ უსაუბრია, მან ისაუბრა ზოგადად თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებულ საქმეებზე.
„ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, გაანათლოს ღმერთმა, რა თქმა უნდა. მე ჯორბენაძეზე რაიმე კონკრეტული კომენტარი არ გამიკეთებია. ამიტომ არის უცნაური, რომ საქმე მიმდინარეობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მე ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არის კითხვები, კითხვები იმაზე ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა? თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით არ სრულდება საქმე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა დაიხუროს საქმეები. ესეთი საქმეები ბევრია. რიჟვაძის საქმე ბნელით მოცულია. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე აგდამალეს, დაიკარგა, რა მოხდა - ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ასეთი კითხვები არსებობს სხვა საქმეებზეც. მე ამაზე გადავედი, ჯორბენაზე კონკრეტულად - ადამიანზე, რომელზეც არც ვიცოდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი.
აქ მე კი არ უნდა ვიყო დაბარებული, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, რადგან ის ფლობდა სიღრმისეულ ინფორმაციას, შესაბამისად, ახლა აქ მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგეს კობახიძე და მდინარაძე, იმიტომ, რომ მათ დაადო ხელი ამ ადამიანმა. იმათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ - ეს ხომ ტრაგი-კომედიაა და მეტი არაფერი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.