შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ბიურგენშტოკში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის მიზანია გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შემუშავება და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის დარეგულირება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის, ირანის, კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები.
შვეიცარიაში უკვე ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობენ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც თეირანი ჰორმუზის სრუტის შესაძლო ჩაკეტვით იმუქრება, ხოლო ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
„იმედი მაქვს, რომ პროგრესს მივაღწევთ ბირთვულ საკითხზე და ასევე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 60 დღე აქვთ იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის ხელმძღვანელობამ.
შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფაა. აღნიშნული სრუტე სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან მისი გავლით მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი ხორციელდება.