პოლტავის ოლქზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი
ინფორმაციას პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი დიაკივნიჩი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, შაბათს პოლტავაზე განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად დარტყმები ორ საწარმოს ტერიტორიას მიადგა.
დაზიანებულია საწარმოების შენობები, ავტომობილები და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები.
დიაკივნიჩის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია.
„სამწუხაროდ, ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა მან.
ასევე, საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ენერგეტიკოსები ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობენ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლტავის დაბომბვის შედეგად 4 ბავშვი და 5 ზრდასრული იყო დაშავებული, თუმცა მოგვიანებით მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდა.