იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა. ტრამპმა განაცხადა, რომ მელონი მასთან მეგობრობის აღდგენას საკუთარი პოლიტიკური რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს.
"ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში მელონიმ აღნიშნა, რომ ეს მისთვის ამ თემაზე ბოლო კომენტარი იქნება, რადგან კვლავ სჯერა დასავლეთის ერთიანობის და არ მიაჩნია, რომ მსგავსი საჯარო დაპირისპირება საერთო ამოცანებს ემსახურება.
„პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები ყოველგვარ აზრს მოკლებულია. რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, შენთან მეგობრობა ნამდვილად არ დამხმარებია და ჩემი რეიტინგები შენთან ურთიერთობაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი პოპულარობა განისაზღვრება იმით, რამდენად ეფექტიანად ვიცავ იტალიის ეროვნულ ინტერესებს და სწორედ ამას ვაკეთებდი ყოველთვის“, დაწერა მელონიმ.
მისი თქმით, ამავე პრინციპით მოქმედებდა იტალიაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზების საკითხშიც. მელონიმ აღნიშნა, რომ მათი გამოყენება ორმხრივი შეთანხმებებით რეგულირდება და ეს შეთანხმებები არ დაირღვევა, სანამ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს.
„იტალია კვლავ სუვერენული სახელმწიფოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა შენ არ გეხება. გირჩევ, საკუთარ რეიტინგებზე იზრუნო“, - განაცხადა მელონიმ.
20 ივნისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი მასთან მეგობრობის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური რეიტინგების გაზრდას ცდილობს.
ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მელონი საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე მასთან ერთობლივი ფოტოს გადაღებას სთხოვდა.
„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ერთად ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ შემეცოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ, მელონიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტრამპის ბრალდებები უარყო და აღშფოთება გამოთქვა როგორც მისი კომენტარების, ისე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოკავშირეების მიმართ გამოხატული დამოკიდებულების გამო.
დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე თავისი მოკავშირეების მიმართ? მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: სამწუხაროა, რომ ამავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, – განაცხადა მელონმა.
სკანდალის ფონზე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გააუქმა უახლოეს დღეებში დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში.