უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უარს ამბობს პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე - „თეთრი არწივის“ ორდენზე. მისი გადაწყვეტილება უკავშირდება პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ამავე ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ
„როგორც ზელენსკის შემთხვევაში, ისე ჩემს შემთხვევაშიც, ეს ჯილდო სახელმწიფოს მეთაურებისთვის კი არა, უკრაინელებისთვის და ჩვენი მებრძოლებისთვის იყო მინიჭებული, რომლებიც იცავენ უკრაინას, პოლონეთსა და მთელ ევროპას.
ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა „თეთრი არწივის“ ორდენზე. ორი კვირის წინ კოლეგებს შევპირდი, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, თუ ვერ შევძლებდით პრეზიდენტ ნავროცკის დარწმუნებას, არ მიეღო ეს მცდარი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, ორდენზე უარის თქმა პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხო ჟესტია და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული პოლონელი ხალხის წინააღმდეგ.
„პოლონეთში მათ, ვინც ისტორიულ მითებს არ იმეორებს, არამედ ისტორიას სწავლობს და მისგან დასკვნებს აკეთებს, კარგად იციან, რომ როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობას კარგავს, მასთან ერთად პოლონეთიც კარგავს დამოუკიდებლობას. თუმცა ჩვენი ურთიერთობები წარსულმა არ უნდა განსაზღვროს.
არ მსურს, რომ პოლონელები ჩვენს სახელმძღვანელოებს ასწორებდნენ და არც იმას ვაპირებ, რომ ჩვენ, უკრაინელებმა, პოლონური სახელმძღვანელოები შევასწოროთ, თორემ საბოლოოდ საერთო სახელმძღვანელოს მოსკოვიდან გამოგვიგზავნიან“, - დასძინა მან.
მანამდე, შაბათს, პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე - „თეთრი არწივის“ ორდენზე უარის თქმის შესახებ უკრაინის მეორე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა.
მოგვიანებით ანალოგიური გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომაც გაავრცელა ინფორმაცია.
ამრიგად, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ჯილდოს ჩამორთმევის გადაწყვეტილების საპასუხოდ, „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკვე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა - ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ თქვეს.
შეგახსენებთ, გუშინ, ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პოლონეთს უბრუნებს მისთვის მინიჭებულ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს მას შემდეგ, რაც კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შემდეგ პოლონეთის სახელმწიფო ჯოლდოზე უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა.
ცნობისათვის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება უძღოდა წინ, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიენიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი 2023 წლის აპრილში პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა.