ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ვიზიტმა ყატარში შედეგი გამოიღო და საქართველოსა და ყატარს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნული შეთანხმება საქართველოს საშუალებას აძლევს აზიისა და ევროპის მთავარი დამაკავშირებელი საჰაერო მაგისტრალი გახდეს.
უკვე ცნობილია, რომ 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც სულ მალე დაჯდება. ფრენა თავდაპირველად დოჰა-თბილისის მიმართულებით განხორცილდება.
ყატარში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავის ყატარელ კოლეგასაც შეხვდა და რომელმაც ვერა ქობალიას საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრილი შენობების სიის გაცნობა თხოვა.
"საქართველოსა და ყატარს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც არის მთლიანად გახსნილი ხელშეკრულება და გვაძლევს შესაძლებლობას მომავალში ნებისმიერმა ქართულმა ავიაკომპანიებმა იფრინოს ყატარში და პირიქით. "ყატარის ავიხაზებს: შეუძლიათ საქართველოშიც შექმნან ჰაბიცენტრი და გააგრძელონ თუნდაც ევროპაში ან აზიაში ფრენები. "ყატარის ავიახაზები" არის ავიაკომპანია, რომელითაც სარგებლობს ძალიან ბევრი ბიზნესმენი"- აღნიშნა ვერა ქობალიამ.
შეგახსენებთ, "ყატარის ავიახაზებმა" საქართველოს ბაზრის ათვისების სურვილი რამდენიმე თვის უკან გამოთქვა. კომპანიის 50 %-ს სახელმწიფო, ხოლო 50%-ს კერძო პირები ფლობენ. 2015 წლისთვის ავიაკომპანიას ავიაპარკის შევსება 110 თვითმფრინავამდე აქვს დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ "ყატარის ავიახაზების" გენერალურ დირექტორს აქბარ ალ-ბაკირს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გასული წლის თებერვალში უკვე შეხვდა. გილაურის "ყატარის ავიახაზების" ხელმძღვანელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო პირდაპირი მიმოსვლის დაწყებას თბილისსა და დოჰას შორის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის მოსახლეობის მიმოსვლას და ბიზნესმენებს შორის კონტაქტების დამყარებას.
„ყატარის ავიახაზების" ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი კომპანია აუცილებლად დაამყარებს პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისსა და დოჰას შორის.