პორტი იდენტიფიცირებული იყო „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან მისი ურთიერთობის და შეშფოთების გამო, რომ, რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი ფლოტის გემების პორტში ვიზიტით, ის შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც ჩვენი სანქციების დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა სიობჰან მაკგარიმ ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პორტის იდენტიფიცირება მოხდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან მისი კავშირის გამო. არსებობდა შეშფოთება, რომ პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდების შესვლა შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნებოდა.
სწორედ ამიტომ, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ევროკავშირისთვის შემაშფოთებელი ქმედებები შეწყდებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც სრულდება.
ჩვენ ასევე მივიღეთ დამატებითი გარანტიები აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-ისგან, რომელიც უშუალოდ მართავს ამ პორტს. როგორც ყველა სანქციისა და მათი შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ არ მოვერიდებით შემდგომი ზომების მიღებას, თუ დავინახავთ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უთხრიან ძირს ჩვენი სანქციების ეფექტურობას.
ასე რომ, როგორც გასულ კვირას აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც სრულდება“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, იგულისხმება თუ არა რეექსპორტში ის, რომ რუსული ნავთობი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ მისი ექსპორტი ხდებოდა, როგორც ქართული ნავთობის, მაკგარმა უპუხა: „მე არ მაქვს ამ საქმის დეტალები, თუმცა ვივარაუდებდი, რომ სწორედ ეს ხდებოდა - ნავთობის რეექსპორტი ხორციელდებოდა ევროკავშირში“.