„სამართალი დადის ურმითო“ ანდაზა რომ არის, სწორედ ეს შემთხვევაა - ძალიან კარგია, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო - ამ მავნებლების, მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები.
„მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური დისკომფორტი ყველგან და მაქსიმალურად უნდა დასანქცირდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არ ჩერდება. ხალხის წამებისთვის, წვალებისთვის, უსამართლობისთვის და ძალადობისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. სანქციების დაწესება არის ერთ-ერთი პასუხისგების საშუალება. ძალიან კარგია და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს სამართალი ურმით ადრე თუ გვიან მათაც წამოეწევათ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და პროკურორი.
შეზღუდვები დაუწესდათ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავას, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას და სახელმწიფო პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.