ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.
ცესკო-ს ცნობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ს პრესსპიკერთან, ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა.
„ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კალანდარიშვილმა, ნათია იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე სივრცე დაათვალიერა.
აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.