აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, PURL პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას კვლავ უზიარებს სადაზვერვო ინფორმაციას.
ამის შესახებ რუბიომ ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს, რადგან ამ ტიპის შეიარაღებაზე მოთხოვნა აშშ-ის ბევრ პარტნიორს აქვს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს.
„ნება მომეცით, სიტუაცია განვმარტო. როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას აღვნიშნე, პირველ რიგში, თავდაცვის დეპარტამენტთან დაკავშირებით - ყველაფერი, რასაც ის უკრაინასთან მიმართებით აკეთებს, უცვლელი რჩება. არაფერი შეცვლილა.
მეორე საკითხია სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ჩამჭრელი რაკეტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შეიარაღებაა, რის გამოც მათი მიწოდებისას შეფერხებები შეიძლება წარმოიშვას.
„მსოფლიოს ყველა ქვეყანას სურს ჩამჭრელი რაკეტები ჰქონდეს. მათ ამ ტიპის შეიარაღებას მსოფლიოს მრავალი რეგიონი ითხოვს. ამჟამად ეს, ალბათ, თავდაცვის სფეროში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
ამიტომ, როდესაც რომელიმე ქვეყანა შეერთებული შტატებისგან ჩამჭრელ რაკეტებს ვერ იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას უარს ვეუბნებით. ჩვენც გვაქვს საკუთარი საჭიროებები. შესაბამისად, უკრაინას მიზანმიმართულად არ ეუბნებიან უარს. საქმე უბრალოდ ბალანსის დაცვაშია - ერთი მხრივ, ჩვენი ვალდებულებები სხვა პარტნიორების წინაშე უნდა შევასრულოთ, მეორე მხრივ კი, გულწრფელად რომ ვთქვათ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი საკუთარი საჭიროებები და მოთხოვნები“, - განმარტა მან.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ნებისმიერი შეფერხება პოლიტიკურ მოტივებს არ უკავშირდება.
„ვფიქრობ, თქვენთვის მთავარი დასკვნა ის უნდა იყოს, რომ არ არსებობდა განზრახ არანაირი პოლიტიკური მითითება უკრაინისთვის ზიანის მიყენების შესახებ“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.