ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე წელიწადნახევარია ცდილობენ, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირობებით კაპიტულაციაზე დაითანხმონ, თუმცა უკრაინა ევროპული მხარდაჭერის წყალობით არ დანებდა.
ამის შესახებ კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია - უფრო ზუსტად კი, წელიწადნახევარია ცდილობენ, უკრაინა კაპიტულაციამდე მიიყვანონ, უკრაინა პუტინის პირობებით კაპიტულაციას იმიტომ არ დათანხმდა, რომ ევროპა მას მხარს უჭერდა“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და ამ მიმართულებით სხვა არჩევანი არ აქვს.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა, რომ 2026 წლის თებერვალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის „მაქსიმალისტური გეგმა“ წარუდგინა.
„თუ რუსეთი თავის მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს, ჩვენც უნდა დავდოთ მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები, რათა, ასე ვთქვათ, ამ მოლაპარაკებებში ბალანსი დავამყაროთ“, - განმარტა კალასმა.
კალასის თქმით, რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, დაინტერესებულია სანქციების მოხსნით, თუმცა ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება ევროპის კომპეტენციაა. ამიტომ, მისი განცხადებით, ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი.
„თუმცა, ძალიან, ძალიან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენც გვაქვს მოთხოვნები რუსეთის მიმართ. ამ საკითხებში არაფერს ვთმობთ უსასყიდლოდ, რადგან საქმე მხოლოდ მშვიდობის დამყარებას კი არ ეხება, არამედ იმასაც, რომ ეს მშვიდობა მტკიცე და სამართლიანი იყოს“, - ხაზი გაუსვა კაია კალასმა.