4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია. ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფ. მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მოქალაქეები, ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავენ რომ 4 ოქტომბრისთვის განწყობა არის იდეალური და რომ ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას.
ლაშა ფარულავას განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყდება საქართველოს ბედი.
„4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოვუწოდებთ მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, ყველანი უნდა მოვიდეთ რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი და ეს ყველაზე კარგად ესმით მუხრანელებს, ძალისელებს, რადგან მუხრანი და ძალისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის და ისტორიული დიდგორის, დიდგორის ბანაკის ადგილი, ამიტომ ეს სულისკვეთება ჩვენ მიგვაქვს თბილისში, დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.