ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ შიმშილობა გამოაცხადა, რათა ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიში შექმნილი მძიმე ვითარების მიმართ საერთაშორისო ყურადღება მიიპყროს. ინფორმაციას გამოცემა "მედუზა" ავრცელებს.
პიჩერნომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მთავრობებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ მის პროტესტს.
„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების შეტანა და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის შესაძლებლობა, ვისაც ქალაქის დატოვება სურს“, - განაცხადა მან.
ოლეშკი ხერსონის ოლქის ქალაქია, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ქალაქის მცხოვრებლები უკვე რამდენიმე თვეა ელექტროენერგიის, საკვებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე, უწყვეტი ცეცხლის პირობებში ცხოვრობენ. ქალაქიდან გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მისასვლელი გზებისა და გასასვლელების დიდი ნაწილი დანაღმულია.
რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფა სთხოვა.