ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და პროკურორი.
შეზღუდვები დაუწესდათ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავას, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას და სახელმწიფო პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.
სანქციების მიზეზი 2024-2025 წელს მიმდინარე პროევროპული აქციების დარბევებზე პასუხისმგებლობაა.
სანქციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ამ პირებს ეკრძალებათ ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლა და დარჩენა, ეკრძალებათ ჩეხეთის ორგანიზაციების მეშვეობით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება ან ქვეყანაში ნებისმიერი აქტივის გაყინვა, რომელსაც ფინანსური ანალიტიკური სამსახური მართავს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მსგავსი ზომები უკვე მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. იანვრის ბოლოს, ჩეხეთის მთავრობამ, საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაასანქცირა: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.