13 სექტემბერს უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი-თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, “უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” მისთვის არასერიოზული არგუმენტია.
„რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.
თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს.
თუ ასე არ მოხდა (და ბევრჯერ არ მოხდა უკვე ასე), რა თქმა უნდა, 4-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.
თუ 4-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმი ჩამოიშალა, ესეც მხოლოდ გაგვიხარდება ყველას.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით - ზუსტად როდის „გაასხამს“ ეს რეჟიმი.
ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ეს მოხდება ქუჩიდან ზეწოლით და ამას სჭირდება ქუჩაში ბევრი ხალხი.
“უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” - ჩემთვის არის არასერიოზული არგუმენტი.
1988 წელს, ბავშვები გაგვიყვანეს პირველად მე და ჩემი ძმა რუსთაველზე მამაჩემმა და ბიძაჩემმა და იმის მერე, სულ დავდივართ.
თუ არ მოიგე, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გახვედი ქუჩაში?
მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, რაც ადრეც დავწერე.
ნუ მოვუკლავთ ერთმანეთს ენთუზიაზმს.
პირიქით, ყველა ყველას დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია, ისე, როგორც ჩვენთვის მისაღებია.
ამიტომ, ყველანი გარეთ 13-ში და ყველანი გარეთ 4-ში. ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის.
ესენი არიან ქართული სირცხვილი და უნდა ჩამოვიბანოთ, რაც შეიძლება მალე.
ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დღეს ამისთვის იბრძვის და არა რუსების მიერ გადმოგდებული საკრებულოს რამდენიმე სკამისთვის“, - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში, რომელიც 2 სექტემბრით თარიღდება.