მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შედიხარ, მართალი უნდა იყო და სიმართლისთვის იბრძოდე“.
„ცუდი გამოცდილების შედეგად, მაგრამ, ვინც ნაბრძოლია რეჟიმთან, ის დღეს გამობრძმედილია და ხელისუფლებაშია. ამ ყველაფერს თავი მოუყარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ხელმძღვანელობით დადგა გამარჯვების დღე. შესაბამისად, ეს გამოცდილება თითოეულმა ჩვენგანმა – ზოგმა ძალიან დიდი უბედურების, ზოგმა მეტ-ნაკლებად პრობლემების ხარჯზე მივიღეთ ბრძოლისას. ამიტომაც, მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა და დაფიქრებაა საჭირო, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ვინც ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებთ ზურგს. პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შემოდიხარ, მართალი უნდა იყო, სიმართლისთვის უნდა იბრძოდე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.