ჩვენი კომისიის გაცხადებული მიზანია, რომ ამ კომისიის დასკვნის შემუშავების შედეგად, შეფასდეს ის ხელისუფლება, რომელიც მართავდა საქართველოს სახელმწიფოს 2003-2012 წლების პერიოდში. მარტივად რომ ვთქვათ, ვარდების რევოლუციიდან, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რეკომენდაციები შეიძლება, იყოს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ზოგადი, ან უფრო მასშტაბური სახისაც. ერთი რამ, რაც შეიძლება, უკვე ახლავე ითქვას, არის ის, რაც ძირშივე, თავიდანვე, როდესაც „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის მიერ იქნა გაცხადებული და მხარდაჭერილი, არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც იმ პერიოდში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის: სახელმწიფოს ხელით, ანუ მისი წარმომადგენლების მიერ ოჯახებში შევარდნა და მკვლელობები, ქუჩაში დახვედრა და მკვლელობები, ქონების წართმევა და ბიზნესის რეკეტი, მედიათავისუფლების ხელყოფის უხეში ფაქტები, პირად ცხოვრებაში ჩარევა და პრაქტიკულად, საძინებლებშიც კი შესვლა, კადრების გადაღება და შემდეგ ამით ადამიანების დაშანტაჟება, განსხვავებული აზრის იარაღით ხელში დევნა, მუქარა, 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის გაწირვა, ტერიტორიების დაკარგვა, ქართული ჯარის შეურაცხყოფა და მისი მსხვერპლად ქცევა არაპროფესიონალების ხელში. რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა – აი, ეს ყოველივე ვინც ჩაიდინა, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვეღარასდროს ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ რეალურად აღარ ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამჟამად მოქმედ პარტიებში, თუ სამომავლოდ რაიმე პარტიას თუ დააფუძნებენ. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში და ამის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, ყველაზე ცნობილი მაგალითი ალბათ გერმანიაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებმაც ათეული წლები მოანდომეს ჭრილობების მოშუშებას და თქვეს, რომ ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ პოტენციური კანდიდატებიც კი ხელისუფლებაში მოსვლის. ეს არის გაცხადებული მიზანი სწორედ ამ კომისიის სამუშაოსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.