ჩაიკეტებოდნენ ბიჭები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც კი სათანადოდ და ეფექტურად არ აყენებდნენ საქმის კურსში, ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიი თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ სხდომაზე გამოკითხვაზე არიან დაბარებულები ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები: ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და ასევე, შალვა ჯანაშვილი.
„ის რეჟიმი, რომლის საქმიანობასაც ჩვენი კომისია სწავლობს, რუსეთის წინააღმდეგ ან არ იბრძოდა, ან იბრძოდა ისე, რომ გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცს, სამოქალაქო პირს და სახელმწიფო ინტერესს. ამ შეცდომის გამოსწორება მოუწია „ქართულ ოცნებას“ ჰააგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში, ასევე დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის ქმედითი შველის და მზრუნველობის აღმოჩენის მიმართულებით. დღევანდელი სხდომიდან გამოიკვეთა, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, რომელსაც ზოგიერთმა გამომსვლელმა „პოლიტიკური ელიტა“ უწოდა. ჩაიკეტებოდნენ ბიჭები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც კი სათანადოდ და ეფექტურად არ აყენებდნენ საქმის კურსში. ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომელთაგან ერთ-ერთი, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არ გამოცხადდა, ხომ არ მოქმედებდნენ ვიღაცის ან რაღაცის ზეწოლის ქვეშ. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო, შესაძლოა, ყოფილიყო არაერთი სახელწმიფო, ან სახელმწიფოთა ჯგუფი, ან რაღაც ჯგუფები“, – განაცხადა წულუკიანმა.