ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორზე მასირებული დარტყმები განაახლეს, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ჰამასის მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 330 ადამიანი დაიღუპა.
„IDF და შინ ბეტი ამჟამად ახორციელებენ მასიურ დარტყმებს ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილ ობიექტებზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების და შინ ბეტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გასცეს ბრძანება ჰამასის წინააღმდეგ „მკაცრი ზომების“ გატარების შესახებ.
„ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა შეთავაზებაზე, რომელიც მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ უიტკოფისგან და შუამავლებისგან. IDF ამჟამად უტევს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ობიექტებს ღაზის სექტორში, რათა მიაღწიოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასახულ მიზნებს, მათ შორის ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას, ცოცხლების თუ გარდაცვლილების“, -განაცხადეს ნეთანიაჰუს ოფისში.
ჰამასის მაღალჩინოსანმა განუცხადა Reuters-ს, რომ ისრაელმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 19 იანვარს.
დაჯგუფების სპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა გაწიროს თავისი მძევლები ბრძოლების განახლებით და სიმშვიდის პერიოდის დარღვევით.
ჰამასს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება საომარი მომქედებების შესახებ. მან შუამავლებსა და გაეროოს ჩარევისკენ მოუწოდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა Fox News-ს განუცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ს ადმინისტრაცია წინასწარ გააფრთხილა ღაზის ობიექტებზე თავდასხმის შესახებ.
„როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განმარტა, ჰამასი, ჰუსიტები, ირანი, ყველა, ვინც ცდილობს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების დატერორებას, ფასს გადაიხდის“, - თქვა ლივიტმა.