დღეს, 18 მარტს სატელეფონო საუბარი გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბოლოო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, "მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი".
"მოუთმენლად ველი პრეზიდენტ პუტინთან საუბარს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბრისთვის მზადება მიმდინარეობს.
ვაშინგტონი და მოსკოვი ადასტურებენ, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინა იქნება.
ამერიკული გამოცემა Semafor-ი იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, როგორც უკრაინაში გაჩაღებული ომის დასრულებასთან დაკავშირებით პოტენციური შეთანხმების ნაწილი.
გამოცემის ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ ასევე განიხილება გაეროსთვის მოწოდება, აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებმა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან განიხილეს შესაძლო ტერიტორიული დათმობები, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ბრიტანული გამოცემა The Indepentent-ი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაავლო რამდენიმე „წითელი ხაზი“ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ფარგლებში. ერთ-ერთი მათგანია ტერიტორიულ დათმობებზე უარის თქმა.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიების ბედი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ", - აღნიშნავენ ისინი.
15 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.