შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოახინა 200-ზე მეტი ვენესუელელის დეპორტაცია აშშ-დან ელ სალვადორში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ გამოცემული ამკრძალავი განკარგულება.
თეთრი სახლის განცხადებით, გაძევებული ვენესუელელები ბანდის წევრები არიან.
ელ სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კვირა დილით ქვეყანაში ჩაიყვანეს ვენესუელური ბანდის Tren de Aragua-ს 238 წევრი და საერთაშორისო ბანდის MS-13-ის 23 წევრი.
არც აშშ-ის მთავრობას და არც ელ სალვადორს არ დაუსახელებიათ დაკავებულების ვინაობა და დეტალები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა მათი ბანდის წევრობას.
როგორც იუწყებიან, ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა ბანდის წევრების დეპორტაცია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ უგულვებელყო იგი, რადგან თეთრი სახლის განმარტებით, სადეპორტაციო თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ, საერთაშორისო წყლების თავზე და განკარგულების აღსრულება ვერ მოხდებოდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევია.
„განკარგულება, რომელსაც არავითარი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა, გამოიცა მას შემდეგ, რაც ტერორისტული ბანდის წევრები უკვე გაყვანილნი იყვნენ აშშ-ის ტერიტორიიდან“, - თქვა მან.
იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
დონალდ ტრამპმა ვენესუელელების დეპორტაციისთვის გამოიყენა 1798 წელს მიღებული „უცხო მტრების აქტით“ მინიჭებული უფლებამოსილება, რაც მას საშუალებას აძლევს ექსკლუზიურად მოქალაქეობის არმქონე პირები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გააძევოს ქვეყნიდან.
ბოლოს ეს აქტი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. მიიჩნევენ, რომ ამ აქტის მშვიდობიან პერიოდში გამოყენება უკიდურესად უჩვეულოა.
იანვარში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას Tren de Aragua და MS-13 უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების შესახებ.