რუსეთმა აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე იერიშების შეწყვეტისკენ და მხარეებთან დიალოგისკენ მოუწოდა. ინფორმაცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების პრესრელიზის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს აცნობა იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შესახებ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 მარტს განაცხადეს. უწყების ცნობით, სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის ინიციატივით 15 მარტს შედგა.
„ამერიკის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე საპასუხოდ, სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას, ყველა მხარის პოლიტიკურ დიალოგში შესვლის მნიშვნელობას, რათა მოძებნონ გამოსავალი, რომელიც გამორიცხავს შემდგომ სისხლისღვრას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ლავროვმა და რუბიომ განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები საუდის არაბეთში 18 თებერვალს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
რუბიოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.