აზერბაიჯანული მხარის განცხადებების შემდეგ სომხეთმა დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის.
"სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური გზებით აცნობა, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს, რომლებიც ეხება "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიის ორ შეუთანხმებელ პუნქტს და შესთავაზა [აზერბაიანს] ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელიც დაადასტურებს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტსა და სამუშაო ვერსიაზე მოლაპარაკებების დასრულებას. ოფიციალურმა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.
შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.
ერევნის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებმა დაასრულეს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხედავს "ყველა წინაპირობას" აზერბაიჯანთან მშვიდობისთვის.