მრავალსაათიანი დებატების, პოლემიკისა და შესწორებების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც ერთ-ერთ პუნქტში საქართველოც მოხსენიებულია.
"[ეროვნული ასამბლეა] გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში." - წერია რეზოლუციის ერთ-ერთ ნაწილში.
ტექსტის მთავარი თემა უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივებით დახმარება იყო. რეზოლუციის მხარდამჭერები მოუწოდებენ ევროკავშირსა და ნატოს - გააგრძელონ და გაზარდონ უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა. რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს საფრანგეთის როლს უკრაინელი სამხედროების წვრთნაში და ევროკავშირსა და ნატო-ს მოუწოდებს, რომ გაზარდონ კიევისადმი მხარდაჭერა როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.
რეზოლუციას მხარი 288 დეპუტატმა დაუჭირა.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს „კომუნისტებმა“, ჟან-ლუკ მელანშონის „აჯანყებული საფრანგეთის“ დეპუტატებმა და მარინ ლე-პენის პარტიის წევრებმა და მოკავშირეებმა.
განხილვის დროს, მარინ ლე პენის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სებასტიან შენუმ, შესწორებაც კი წარადგინა, სადაც საქართველოს და მოლდოვის ამოღებას მოითხოვდა, რის გამოც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.