11 მარტს პორტუგალიის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგროს მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას.
უნდობლობის გამოცხადება მონტენეგრეოს მიმართ ინტერესთა კონფლიქტის ბრალდებებმა განაპირობა.
მემარჯვენე-ცენტრისტული, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადაყენებას 142-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინაღმდეგ 88 წავიდა.
ინტერესთა კონფლიქტის ბრალდებები დაკავშირებულია საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნის.
როგორც იუწყებიან საკონსულტაციო კომპანიამ კონტრაქტები გააფორმა კერძო კომპანიებთან, რამაც ოპოზიციის მტკიცებით, მონტენეგრო შემოსავლები გაზარდა. თავად პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და მან ეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზეც გაიმეორა.
"ინსინუაციები, თითქოსდა მე ჩემი ბიზნეს და პოლიტიკური საქმიანობა ერთმანეთში ავურიე, აბსოლუტურად გაუმართლებელი და შეურაცხმყოფელია", - თქვა მან.
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, გადაწყვეტილება სამომავლო ქმედებების შესახებ პორტუგალიის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მოსალოდნელ სცენარებს შორის არის ვადამდელი არჩევნები, რომელის დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.
ვადამდელი არჩევნების გამართვამდე მთავრობის მეთაურის პოსტის მოვალეობას კვლავ ლუიშ მონტენეგრო შეასრულებს. მემარჯვენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში 2024 წლის დასაწყისში, ვადამდელი არჩევნების შედეგად მოვიდა. მაშინდელ არჩევნებს წინ უძღვოდა კორუფციული სკანდალი ევროპული საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მთავრობაში.