პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ადამიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, მისთვის პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა ინდულგენცია ვერ იქნება.
„მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს მაგალითად ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს. ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, ის ამას შეწყვეტს. იმიტომ რომ ერთია, დღეს რომ გჯერა, სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მშვიდობიანად ჩაივლის და დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი. მე ეს ძალიან მაწუხებს“, — განაცხადა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამავდროულად, წულუკიანმა თქვა, რომ არ შეიძლება, ჟურნალისტები თუ უცხოელები საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად აშანტაჟებდნენ.
„მე, მხოლოდ როგორც ერთი ადამიანი, ერთი ქალი, ოპოზიციაში ნამყოფი — და ქალბატონი მზიას რეაქციებიც მახსოვს მაშინ ხომ, როცა ყველანი ქუჩაში ვებრძოდით იმ ნამდვილ რეჟიმს, მე ხომ ამნეზია არ მჭირს?! — მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვისურვებ მისთვის. კარგში შედის შიმშილის შეწყვეტა, ჯანმრთელობა, კარგ ხასიათზე ყოფნა, თავისუფლება და ა.შ. მაგრამ ერთი წუთი გადავდოთ, ვინ რას ვგრძნობთ და რას ვისურვებდით, ჩვენ ზუსტად ასე ვიცხოვრეთ: „მოდი რა, არ გვინდა დასჯა“, „მოდი რა, ვიყოთ ლმობიერები“, „უცხოელები რას იტყვიან“… მერე მივხვდით, რომ სულაც არ არის მიუღებელი, კანონი გამოიყენო ისე, როგორც კანონში წერია და ჟურნალისტი იქნება თუ უცხოელი, არ მისცე უფლება, მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდე. ეს სახელმწიფოსთვის არის ცუდი. თუ ყველა იფიქრებს, რომ პოლიტიკოსი ვარ და ვერ ჩამსვამენ, თუ სისხლის სამართლის კანონს დავარღვევ, ეს ინდულგენცია ვერ იქნება. დიდხანს იყო ინდულგენცია. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. „ჟურნალისტი ვარ და იცოდეთ, ვიშიმშილებ“ არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი. თუ მივეჩვევით, რომ პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლება, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.