თბილისში პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდამჭერი მსვლელობები იმართება.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სოლიდარობის მარში აღმაშენებლის გამზირზე, "ახალი თეატრის" ტერიტორიიდან დაიძრა.
ასევე, მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ გიორგი ახობაძისა და საბა სხვიტარიძის მეგობრები, ნათესავები და მხარდამჭერები.
კიდევ ერთი დაკავებულის, ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები და ნათესავები ავლაბრის მოედნიდან დაიძრნენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ მათე დევიძისა და ანრი კვარაცხელიას მხარდამჭერები.
ასევე იმართება ონლაინ გამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში. მედიის წარმომადგენლებმა და მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყეს მსვლელობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე ყოველდღიური აქციის წევრები მსვლელობით შეუერთდნენ.
ყველა აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან, სადაც უკვე 58-ე დღეა პროტესტი არ წყდება.
ფოტო: პუბლიკა