ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა ღია წყაროების მეშვეობით დაადგინეს სულ მცირე 90 019 რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის დროს. ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურისა და "მედიაზონის" კვლევის შედეგებში.
მათი ინფორმაციით, მათგან 1964 ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაიღუპა.
კვლევის ავტორების ცნობით, დაღუპულთა 23%, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი, არიან ისინი, რომელთაც ხელი მოაწერეს კონტრაქტებს ომის დაწყების შემდეგ. 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენდა.
დაღუპულთა ნახევარზე მეტი ომის დაწყებისას ჯერ კიდევ არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან. დაღუპულთაგან 17% პატიმარია, 12% - წვევამდელი.
კვლევის ავტორებმა ცალკე გამოყვეს კიდევ ერთი კატეგორია - "წვევამდელები". ამ კატეგორიის ქვეშ მათ გააერთიანეს პირები, რომლემბაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები სასამართლო პროცესის ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე გააფორმეს. მოხალისეთა შორის დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის ოქტომბერში. ჯამური დანაკარგები მოხალისეებს შორის ყველაზე მაღალია - თითქმის 21 ათასი ადამიანი.
2024 წელს დაღუპულთა საშუალო ასაკი, განახლებული მონაცემებით, 36 წელი იყო. ეს უფრო მეტია, ვიდრე ომის პირველი ორი წლის განმავლობაში.
დაღუპულთა შორის არის 9 გენერალი და 500 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც ვიცე-პოლკოვნიკის ან უფრო მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდათ.
მკვლევრებმა დაღუპულთა ვინაობა ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს. ღია წყაროებთა შორისაა მედია, ადგილობრივი ორგანოების განცხადებები, ოჯახის წევრების პოსტები სოციალურ ქსელში და მონაცემები სასაფლაოდან.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ რეალური რიცხვი შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად მაღალი, რადგან ღია წყაროებიდან მოძიებული ინფორმაცია შესაძლოა ფარავდეს რეალური მაჩვენებლის 45-65 პროცენტს.
რუსეთის ხელისუფლება ფრონტზე ზარალის შესახებ ოფიციალურად არ იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეიძლება დაღუპულიყო მილიონამდე რუსი ჯარისკაცი და მინიმუმ 700 000 უკრაინელი. ტრამპს წყარო არ დაუსახელებია.