საზღვაო გადაზიდვების სამყაროში მცირე, მაგრამ გავლენიანი სახელმწიფოები უერთდებიან დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღდეგ დაწესებულ სანქციებს.
ბარბადოსი და პანამა თავიანთ დროშებს ჩამოართმევენ ათობით ტანკერს, რომელთაც რუსული ნავთობი გადაჰქონდათ, საერთაშორისო სანქციებისგან გვერდის ავლით.
ბარბადოსის საზღვაო რეესტრი აცხადებს, რომ ბრიტანული სანქციების გამო, იანვრის ბოლომდე 46 ტანკერს მოხსნის ბარბადოსის დროშას.
საზღვაო რეესტრის, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, გენერალური დირექტორის თქმით, ბარბადოსი არ ექვემდებარება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუმცა მიჰყვება ბრიტანეთის წესებს, ორ ქვეყანას შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო.
პანამის საზღვაო ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაიწყო 68 ტანკერის რეესტრიდან ამოღება, რომლებიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.
პანამამ გასულ წელს მიიღო წესი, რომლის თანახმადაც ვალდებულება აიღო, შეასრულოს აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და დიდი ბრიტანეთის სანქციები.
ბარბადოსი მიიჩნევა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ სახელმწიფოდ, რომელიც რეგისტრაციას გასცემს ხომალდებისთვის. ქვეყნები, რონლებიც თავიანთი დროშის ქვეშ ცურვის უფლებას იძლევიან, გადამწყვეტ როლს ასრულებენ ზღვაში უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფაში.
სანქციების გამო რუსულ ხომალდებს სულ უფრო მეტად უწევთ გადარეგისტრირდნენ შორეულ იურისდიქციებში, რათა მათი დევნა-მეთვალყურეობა რთული იყოს.
Equasis-ის საზღვაო ბაზის მონაცემების თანახმად, ბარნადოსის რეესტრიდან გარიცხულები უკვე დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ისეთი აფრიკული ქვეყნები, როგორიცაა ტანზანია და სან-ტომე და პრინსიპი. თუმცა უმეტესობა, თუ არა ყველა გემი პოულობენ ახალ ადგილებს რეგისტრაციისათვის, მუდმივი დამალვის მოთხოვნა ზრდის ხარჯებს, ართულებს ლოგისტიკას და ხომალდებს ხარისხიან მომსახურებას ართმევს.
10 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა. აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 180-ზე მეტ გემს შეეხო.
რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტი" მოიცავს ტანკერებს, რომლებიც უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაწესებული ნავთობის ემბარგოსთვის გვერდის ავლის მიზნით ცურავენ სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ.