შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე 10 000 სამხედროს გაგზავნას გეგმავს. იტყობინება ტელეარხი CBS-ი, რომელმაც ნახა 21 იანვრით დათარიღებული საბაჟო და სასაზღვრო დაცვის მემორანდუმი.
მემორანდუმის თანახმად, საზღვრის დაცვის სამსახურის დასახმარებლად, ფედერალური მთავრობა საზღვარზე დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნის.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საზღვარზე უკვე განლაგდა 1500 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, მხოლოდ საზღვარზე ბარიერების აგების ღონისძიებებში.
1500 ჯარისკაცი გაიგზავნა კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოსა და ტეხასის ქალაქ ელ პასოში. ისინი შეუერთდებიან საზღვარზე ადრე განლაგებულ 2500 ჯარისკაცს.
მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბაზებს გამოიყენებენ მიგრანტების პირველად მიმღებ ცენტრებად, ვიდრე მათი დაუყოვნებლივ გაძევება მოხდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ფიცის დადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა მექსიკის საზღვართან და განაცხადა, რომ "ამერიკის სუვერენიტეტი შეტევის ქვეშ არის".
საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება იყო დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება.