ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარის, დიპლომატის ჯონ ჰერბსტის განცხადებით, ის, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნებიდან“ არავინაა მიწვეული, მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა დისკრედიტებულია. მან ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან’ ინტერვიუში ისაუბრა.
„ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპის ბევრ მთავრობას ნელი რეაგირება ჰქონდა გასულ შემოდგომაზე, საქართველოს არჩევნებში სერიოზულ დარღვევებზე და არ გამოუთქვამს საბოლოო პოზიცია ამ არჩევნების შედეგებზე. მაგრამ, ისინი სერიოზულად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებს, რაც დაახლოებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ხდება და რაც იმ ქართველების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ამ არჩევნების თავისებურებებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს- უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე...
ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც...
საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში“, - განაცხადა ჰერბსტმა.
ჰერბსტმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილის სანქცრება ცვლილებების ნაწილი იქნება.
„თუმცა, ივანიშვილი ვერ იმუშავებს თავისი მთავარი "ლეიტენანტების" გარეშე. ასე რომ, რეპრესიების მთავარი აღმასრულებლის, კობახიძისთვის სანქნციების არდაწესება, [ამერიკის საქართველოსადმი არსებული] პოლიტიკის პრობლემაა. და მხოლოდ კობახიძეზე არაა საუბარი, არსებობენ სხვა ადამიანები მინისტრების, მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩარეული და ისინიც უნდა დასანქცირდნენ“, - განაცხადა ჰერბსტმა.