უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით იერიში მიიტანა.
თათარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმაში სულ მცირე რვა დრონი მონაწილეობდა: მათგან ექვსი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, ერთი სამრეწველო საწარმოს და ერთი მდინარეზე ჩამოაგდეს.
თათარეთის ხელისუფლების განცხადებით, დრონი, რომელიც სამრეწველო საწარმოზე თავდასხმას ცდილობდა, სამიზნეს ვერ მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა ყაზანს სამი ტალღით და სხვადასხვა მიმართულებით დილის 7:40-დან 9:20 საათამდე შეუტიეს.
ქალაქის მერის თქმით, დრონები შეეჯახა საცხოვრებელ შენობებს სოვეცკისა და პრივოლჟსკის უბნებში. ასევე, მოხდა სკოლის მოსწავლეთა ნაწილის ევაკუირება და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. თავდასხმის შედეგად ასევე დროებით დაიკეტა ყაზანის აეროპორტი.
სოციალურ ქსელში ყაზანის მაცხოვრებლები ავრცელებენ თავდასხმის ამსახველ ვიდეოებს.